ორგანიზაცია

ორგანიზაციამ, "კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი - კავკასიური სახლი", ნუკრიანში მუშაობა 1999 წელს დაიწყო. "კავკასიური სახლის" შემოსვლამ სოფელში ხელი შეუწყო და იმპულსი მისცა უამრავ საინტერესო წამოწყებას. ამ ორგანიზაციის გარშემო შეიქმნა ნამდვილი ოაზისი სკოლის მოსწავლეების, სკოლადამთავრებული ახალგაზრდების, უსაქმოდ და უფუნქციოდ დარჩენილი ქალებისა და საერთოდ, აქტიური ადამიანებისთვის, რომელთათვისაც მნიშვნელოვანი იყო, როგორც პირადი წარმატება, ისე საერთო საქმე და სოფლის კეთილდღეობა. "კავკასიური სახლი", იმ სამუშაოს გარდა, რომელსაც თვითონ ახოციელებდა, ცდილობდა ნუკრიანით დაეინტერესებინა სხვადასხვა ორგანიზაცია თუ კერძო პირი. ერთ-ერთი ასეთი პირველი, გახლდათ გერმანიის სახალხო უნივერსიტეტების ასოციაცია (dvv international). მათი ფინანსური დახმარებით ჩატარდა სოფლის თემისთვის, განსაკუთრებით ზრდასრულთათვის მეტად საინტერესო და საჭირო ტრენინგები, ზოგადი და სახელობო სწავლებები.


2003-2004 წლებში ევროპული ფონდის - HORIZON-ის ფინანსური მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა სოფელ ნუკრიანის №1 საჯარო სკოლის სამსართულიანი, კაპიტალური შენობის სრული აღდგენა-რეკონსტრუქცია. მას შემდეგ ამ ფონდის ხელშეწყობით განხორციელდა არაერთი საინტერესო და სასარგებლო ღონისძიება სოფლისთვის.
2005 წელს "ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ელკანამ" ჩაატარა სათემო მობილიზების ტრენინგი. სწორედ "ელკანას" მიერ ორგანიზებული ამ ტრენინგების შემდეგ, ადამიანებმა, რომლებიც სხვადასხვა სახით იყვნენ ჩართულები "კავკასიური სახლისა" და მისი პარტნიორების მუშაობაში - 2005 წლის თებერვალში დააფუძნეს სათემო კავშირი "ნუკრიანი". სათემო კავშირის ოფისი, სკოლის დირექციასთან შეთანხმებით, განთავსდა გარემონტებული სკოლის შენობის მესამე სართულზე.


სოფელ ნუკრიანის ახალგაზრდული სათემო "კულტურულ-შემეცნებითი ცენტრი", "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" (CSRDG) სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. ცენტრის მიზანი გახლდათ სოფლის თემის განათლება - ინფორმირება და ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალის განვითარება. სათემო კავშირი ცენტრის ახალგაზრდებთან მანამდეც თანამშრომლობდა. 2010 წლის ივლისში კი გადაწყდა სათემო კავშირი "ნუკრიანისა" და "კულტურულ-შემეცნებითი ცენტრის" გაერთიანება. გაერთიანების შედეგად მოხდა სათემო კავშირი "ნუკრიანის" ახალგაზრდა კადრებით შევსება და ახალი შესაძლებლობების განვითარება.