ნუკრიანის სახელოსნოები
    Facebook Tweeter Print
ნუკრიანის სახელოსნოების ისტორია დაიწყო დვვ ინტერნატიონალ მხარდაჭერით 2003-2005 წლებში. ამ დროს სოფელ ნუკრიანის რამდენიმე ქალბატონმა გაიარა სამკერვალო კურსები თბილისში, ხოლო ორგანიზაცია World Vision-მა ,,კავკასიური სახლის'' სოფ. ნუკრიანის ფილიალს გადასცა 6 საკერავი მანქანა.
2005 წელს, სათემო კავშირი ,,ნუკრიანის'' შექმნის დღიდან, ეს ორგანიზაცია გახდა ,,კავკასიური სახლის'' მთავარი პარტნიორი სიღნაღის მუნიციპალიტეტში. 2006 წლიდან სოფ. ნუკრიანში ფონდის Diakonisches Werk, BfdW-ის მხარდაჭერით ,,კავკასიურმა სახლმა'' განახორციელა პროექტი ,,გადავარჩინოთ ჩვენი სოფელი''. პროექტი მრავალპროფილიანი იყო და სხვა მიმართულებებთან ერთად ითვალისწინებდა ახალგაზრდებისა და ზრდასრულებისათვის სხვადასხვა სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამას, ასევე სოფელში  შემოსავლის მომტანი კერძო ინიციატივების მხარდაჭერას.

2007 წელს ,,კავკასიური სახლის“ ინიციატივით დვვ ინტერნატიონალ-ის, გერმანული ფონდის Diakonisches Werk-ის, ფინანსური მხარდაჭერით სოფელ ნუკრიანში  შეიქმნა ქალთა ხელგარჯილობის სახელოსნოები. ამ სახელოსნოებში დასაქმებული არიან ქალები მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან,  რომლებიც შემდეგ სათემო ორგანიზაციის წევრები გახდნენ. პროექტის ფარგლებში 17 ქალმა შეისწავლა ხელსაქმე (ჭრა-კერვა, ქვილთი, თექა, ქსოვა, აბრეშუმის ქაღალდის დამზადება, ღებვა, ეროვნული და თანამედროვე თოჯინების დამზადება, სიმინდის ფუჩეჩით წვნა, ფარდაგის ქსოვა). ჩატარდა მრავალი სასწავლო ღია კურსი და ორი წლის განმავლოვბაში 50 ქალმა შეისწავლა სხვადასხვა ხელობა. პროექტის დასრულების შემდეგ ,,კავკასიურმა სახლმა''  სახელოსნოების ინვენტარი, პროდუქცია, მარკეტინგული ნიშანი (ლოგო) გადასცა სათემო კავშირ ,,ნუკრიანს''. სახელოსნოებში  წარმოებული თექისა და ქვილთის პროდუქციის   რეალიზაციას  ახდენს სათემო კავშირი, რამაც გაააქტიურა მისი საბანკო ანგარიშები, საგრძნობლად გაზარდა სათემო კავშირის შემოსავლები; სახელოსნოების ხელშეწყობისთვის ,,კავკასიურმა სახლმა“ 2007 წელს განახორციელა პროექტი. პროექტის ფარგლებში შევიძინეთ თუშური ჯიშის ცხვარი, რომელიც ორ ოჯახს გადაეცა მოსავლელად და  გასამრავლებლად. მატყლს კი თექის სახელოსნო შეიძენს, მოიხმარს და უფასოდ გადასცემს სოციალურად დაუცველ ქალთა ჯგუფებს.
,,ნუკრიანის სახელოსნოები'' არის წარმატებული სოციალური საწარმო მინიმუმ ორი თვალსაზრისით: სახელოსნოებში დასაქმებული ქალებისათვის მას აქვს ეკონომიკური და სოციალური მნიშვნელობა, ხოლო სათემო კავშირი ,,ნუკრიანი'', სახელოსნოებიდან მიღებული მცირედი შემოსავლებით, საკუთარ პროგრამულ პრიორიტეტებს ახორციელებს.

საკონტაქტო ინფორმაცია
 

სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნუკრიანი
კულტურის სახლის შენობა, 1 სართული 
ტელ. (+995 77) 202 111 ან 202 110

E-mail: cun.nukriani@yahoo.com