წლიური ანგარიში
    Facebook Tweeter Print

სათემო კავშირი ნუკრიანი

 

2005-2010

შესავალი


სათემო კავშირი "ნუკრიანის" მუშაობის

ამსახველი ანგარიში პირველად გამოდის.


2005 წლიდან დღემდე ბევრი რამ შეიცვალა ჩვენს ქვეყანაში, სოფელში, ჩვენს ოჯახებში. შეიცვალა "სათემოც", განხორციელდა ახალი პროექტები, ჩვენთან დასაქმებულმა ადამიანებმა გაიარეს გადამზადებისა და პროფესიული უნარების გაუმჯობესების უამრავი ტრენინგი. დაიხვეწა მუშაობის შიდა სტანდარტი, გაუმჯობესდა ორგანიზაციის ფინანსური განყოფილების მუშაობა და, რაც მთავარია, შეიქმნა მომავალი მუშაობისა და ორგანიზაციის განვითარების კონცეპტუალური დოკუმენტები. ორგანიზაცია შეივსო ახალგაზრდა კადრებით, რაც კიდევ უფრო გვაიმედებს, როგორც ჩვენი ორგანიზაციის, ისე სოფლის მომავლთან დაკავშირებით.


წინამდებარე ტექსტი არის ჩვენი პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების გამოხატვა სოფლის მოსახლეობის, ჩვენი პარტნიორებისა და დონორების მიმართ. ვფიქრობთ, ანგარიში საინტერესო იქნება ყველასთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია რეგიონებში, სოფლებში ჩვენნაირი პატარა ორგანიზაციების განვითარება და მათი წარმატებული მუშაობა. იმედი გვაქვს, ქრონოლოგიურად წარმოდგენილ, ჩვენ მიერ გაწეულ სამუშაოში ადამიანები დაინახავენ დადებით დინამიკას, აღმოჩენილ ხარვეზებზე კი, მიგვითითებენ და აქტიურად ითანამშრომლებენ ჩვენთან.


სათემო კავშირი "ნუკრიანის"გამგეობა


ორგანიზაციის დაფუძნება _ 2005 წელი



ორგანიზაციამ, "კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი _ კავკასიური სახლი", ნუკრიანში მუშაობა 1999 წელს დაიწყო. "კავკასიური სახლის" შემოსვლამ სოფელში ხელი შეუწყო და იმპულსი მისცა უამრავ საინტერესო წამოწყებას. ამ ორგანიზაციის გარშემო შეიქმნა ნამდვილი ოაზისი სკოლის მოსწავლეების, სკოლადამთავრებული ახალგაზრდების, უსაქმოდ და უფუნქციოდ დარჩენლი ქალების და საერთოდ, აქტიური ადამიანებისთვის, რომელთათვისაც მნიშვნელოვანი იყო როგორც პირადი წარმატება, ისე საერთო საქმე და სოფლის კეთილდღეობა. "კავკასიური სახლი", იმ სამუშოს გარდა, რომელსაც თვითონ ანხორციელებდა, ცდილობდა ნუკრიანით დაეინტერესებინა სხვადასხვა ორგანიზაცია თუ კერძო პირი. ერთ-ერთი ასეთი პირველი, გახლდათ გერმანიის სახალხო უნივერსიტეტების ასოციაცია (dvv international). მათი ფინანსური დახმარებით ჩატარდა სოფლის თემისთვის, განსაკუთრებით _ ზრდასრულთათვის მეტად საინტერესო და საჭირო ტრენინგები, ზოგადი და სახელობო სწავლებები.


2003-2004 წლებში ევროპული ფონდის _ HORIZON-ის ფინანსური მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა სოფელ ნუკრიანის №1 საჯარო სკოლის სამსართულიანი, კაპიტალური შენობის სრული აღდგენა-რეკონსტრუქცია და მისი შესაბამისობაში მოყვანა საერთაშორისო სტანდარტებთან. მას შემდეგ ამ ფონდის ხელშეწყობით განხორციელდა არაერთი საინტერესო და სასარგებლო ღონისძიება სოფლისთვის.


2005 წელს "ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ელკანამ" ჩაატარა სათემო მობილიზების ტრენინგი. სწორედ "ელკანას" მიერ ორგანიზებული ამ ტრენინგების შემდეგ, ადამიანებმა, რომლებიც სხვადასხვა სახით ვიყავით ჩართულები "კავკასიური სახლისა" და მისი პარტნიორების მუშაობაში _ 2005 წლის თებერვალში დავაფუძნეთ სათემო კავშირი "ნუკრიანი".




სათემო კავშირი "ნუკრიანის"

მიერ განხორციელებული პროექტები

 

 

სოფლის გაზიფიცირების პროექტი


2005 წელს ჩვენ მიერ ორგანიზებულ სოფლის კრებაზე გამოიკვეთა, რომ იმ ეტაპზე სოფლისთვის ყველაზე აქტუალურ პრობლემას გაზიფიცირება წარმოადგენდა. "კავკასიური სახლის" დახმარებით მოიძებნა თანამოაზრეები, რომლებიც შემდეგში პროექტის დამფინანსებლები გახდნენ ("ელკანა", "კავკასიური სახლი", dvv international, კახეთის გუბერნია, თსუ სიღნაღის ფილიალი). ამ პროექტს ჩვენს პირველ წარმატებად ვთვლით, რადგან პროექტში სოფლის ფინანსური წილის სრული მობილიზება მოვახდინეთ, სოფელს კი წლების მანძილზე შეწყვეტილი გაზის მომარაგება აღუდგა.


სოფელ ნუკრიანის სასმელი წყლის

სისტემის რეაბილიტაცია


2006-2007 წლებში საქართველოს საინვესტიციო ფონდმა ნუკრიანის სასმელი წყლის სათაო ნაგებობების რეაბილიტაცია და აღჭურვა განახორციელა. ამ პროექტის ადგილობრივი კოორდინატორი სათემო ორგანიზაცია "ნუკრიანი" იყო. სოფლის წყლით მომარაგება ჩვენთვის ერთ-ერთი აქტუალური და მტკივნეული საკითხია. ამ მცირედი დახმარების პროექტით პრობლემა, სამწუხაროდ, არ გადაჭრილა.


 საზოგადოება და თვითმმართველობა ქიზიყში


2006-2008 წლებში "კავკასიურმა სახლმა" ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა პროექტი "საზოგადოება და თვითმმართველობა ქიზიყში". ამ პროექტის მიზანი იყო საჯარო მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლება და საზოგადოებასა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა. პროექტის რეგიონული პარტნიორი გახლდათ სათემო კავშირი "ნუკრიანი".


პროექტის ფარგლებში აეწყო თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რასაც მათ მიერ მხარდაჭერილი პროექტებიც მოჰყვა:


სიღნაღის მუნიციპალიტეტის მიერ

დაფინანსებული მცირე პროექტები


ფრანგი ხელოვანების მიერ გამართული კავკასიის სოლიდარობის აქცია "კავკასიის ბაბილონი" სოფელ ნუკრიანში.



წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ტრაპეზის ქვის რეკონსტრუქცია.


სოფლის ცენტრში სანაგვე ურნების განთავსება.


ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას ჩვენი ორგანიზაცია დაარსების დღიდან განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. ზემოთ ჩამოთვლილი სამი პროექტი, ვფიქრობთ, რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის საინტერესო მაგალითია. სასოფლო და რეგიონული განვითარება, ასეთი ურთიერთობის გარეშე, ალბათ შეუძლებელი იქნებოდა.


ნუკრიანის სახელოსნოები

 


ნუკრიანის სახელოსნოების ისტორია დაიწყო dvv international  მხარდაჭერით 2003-2005 წლებში. ამ დროს სოფელ ნუკრიანის რამდენიმე ქალბატონმა გაიარა სამკერვალო კურსები თბილისში. ხოლო ორგანიზაცია World Vision-მა "კავკასიური სახლის" სოფ. ნუკრიანის ფილიალს გადასცა 6 საკერავი მანქანა. 2005 წელს შეიქმნა სათემო კავშირი "ნუკრიანი" და იგი "კავკასიური სახლის" მთავარი პარტნიორი გახდა სიღნაღის მუნიციპალიტეტში; 2006 წლიდან სოფ. ნუკრიანში ფონდის, Diakonisches Werk, Bfdw მხარდაჭერით "კავკასიურმა სახლმა"განახორციელა პროექტი "გადავარჩინოთ ჩვენი სოფელი". პროექტი მრავალპროფილიანი იყო და სხვა მიმართულებებთან ერთად ითვალისწინებდა ახალგაზრდებისა და ზრდასრულებისათვის სხვადასხვა სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამას, ასევე სოფელში შემოსავლის მომტანი კერძო ინიციატივების მხარდაჭერას.

 2007 წელს "კავკასიური სახლის" ინიციატივით, dvv internacional-ის და გერმანული ფონდის, Diakonisches Werk, Brot fuer die Weit, ფინანსური მხარდაჭერით სოფ. ნუკრიანში შეიქმნა "ქალთა ხელგარჯილობის სახელოსნო". პროექტის ფარგლებში 17 ქალმა შეისწავლა ხელსაქმე (ჭრა-კერვა, ქვილთი, თექა, ქსოვა, აბრეშუმის ქაღალდის დამზადება, ღებვა, ეროვნული და თანამედროვე თოჯინების დამზადება, სიმინდის ფუჩეჩით წვნა, ფარდაგის ქსოვა). ჩატარდა მრავალი სასწავლო ღია კურსი და 2 წლის განმავლობაში 50 ქალმა შეისწავლა სხვადასხვა ხელობა; პროექტის დასრულების შემდეგ "კავკასიურმა სახლმა" სახელოსნოების ინვენტარი, პროდუქცია, მარკეტინგული ნიშანი (ლოგო) გადასცა სათემო კავშირ "ნუკრიანს". ამჟამად ჩვენი ორგანიზაცია მართავს სახელოსნოებს და ეხმარება პროდუქციის რეალიზაციაში. სათემო კავშირის ანგარიშზე ხდება ბრუნვა და შეკვეთის თანხების დარიცხვა.


"ნუკრიანის სახელოსნოები" არის წარმატებული სოციალური საწარმო მინიმუმ ორი თვალსაზრისით: სახელოსნოებში დასაქმებული ქალებისთვის მას აქვს ეკონომიკური და სოციალური მნიშვნელობა, ხოლო სათემო კავშირი "ნუკრიანი", სახელოსნოებიდან მიღებული მცირედი შემოსავლებით, საკუთარ პროგრამულ პრიორიტეტებს ახორციელებს.



ხალხური რეწვის, კულინარიისა და

შემოქმედების ფესტივალი


ფესტივალები და სოფელში კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნება თავიდანვე იყო "კავკასიური სახლის" ერთ-ერთი პრიორიტეტი. ჩვენი პარტნიორობიდან გამომდინარე, ეს თემა ახლობელი გახდა სათემო კავშირისთვისაც. პირველი დიდი ფესტივალი, რომლის ადგილობრივი ორგანიზატორები ჩვენ გახლდით _ ჩავატარეთ 2009 წელს. ფესტივალი ჩატარდა "კავკასიური სახლის" პროექტის, "სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის მხარდაჭერა" _ ფარგლებში.


2010 წელს "ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს" ფინანსური მხარადჭერით ჩვენ შევიძინეთ გახმოვანების აპარატურა და სცენა, გავიარეთ კულტურულ ღონისძიებათა მართვის ტრენინგები. ამ პროექტის მეშვეობით ჩვენი საფესტივალო გუნდი უფრო კვალიფიციური გახდა. 2010 წელს სწორედ ამ ტექნიკისა და ზემოთ ნახსენები პროექტის დახმარებით ჩავატარეთ კიდევ უფრო დიდი მასშტაბის ღონისძიება.


ზოგადად, ფესტივალი, როგორც კომპლექსური ღონისძიება, მოითხოვს ბევრი აქტორის ჩართვასა და მონაწილეობას, რომელთა მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია წარმატებული ღონისძიების ჩატარება.

ჩვენ გვინდა, რომ ნუკრიანის ფესტივალი ტრადიციული გახდეს, რაშიც კვლავაც დაგვჭირდება იმ ორგანიზაციების მხარდაჭერა, რომლებიც 2009-2010 წლებში უკვე დაგვეხმარნენ და რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ:



•             Diakonischeses Werk  der EKD, Bfdw, Deutschland

                "კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი _

       კავკასიური სახლი"

                "ფონდი ღია საზოგადოება საქართველო"

                ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანა"

                სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობა

                სოფელ ნუკრიანის ადმინისტრაცია

                სოფელ ნუკრიანის №1 საჯარო სკოლა

                ნუკრიანის კულტურულ-შემეცნებითი ცენტრი.



სათემო კავშირი "ნუკრიანის" სამოქალაქო

ინიციატივები და სოლიდარობის აქციები


სათემო ორგანიზაცია დაფუძნების დღიდან ცდილობს აქტიური მოქალაქეობის, გარემოზე ზრუნვისა და საერთო საქმის შეგრძნების დანერგვას სოფელში. ამის საუკეთესო საშუალება, რა თქმა უნდა, პირადი მაგალითია. 2005 წლიდან დღემდე ამ მიმართულებით არაერთი აქცია ჩავატარეთ, თუმცა ეს არ არის საკმარისი. ვცდილობთ, ასეთ ღონისძიებებში მაქსიმალურად ჩავრთოთ სკოლის მოსწავლეები და ახალგაზრდები, რათა მათ მაინც გააცნობიერონ ის, რაც ჩვენ, უფროს თაობას ასე ძალიან გვიჭირს _ პირადი პასუხისმგებლობა საკუთარი საცხოვრებელი გარემოს და ქვეყნის წინაშე.



22 აპრილი _ დედამიწის დღე


22 აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ვატარებთ ეკოლოგიურ აქციას. ხდება თვითნებური ნაგავსაყრელების დასუფთავება, გამწვანება და პარალელურად ტარდება კონფერენცია, რისთვისაც სკოლის ბავშვები ამზადებენ თემებს. ჩვენი სურვილია, ეს აქცია იყოს ტრადიციული და ყოველ წელს ჩატარდეს.


სოფლის რწმუნებულის აპარატსა და

ბიბლიოთეკასთან ერთად ჩატარებული

ღონისძიებები


ბიბლიოთეკის ბაზაზე ვატარებთ გამოჩენილი ადამიანისადმი მიძღვნილ საღამოებს. ღონისძიებების კალენდრის შედგენა ხდება წინასწარ.

გარდა ამისა, სკოლის მოსწავლეებთან ერთად ვაწყობთ მცირე აქციებს ბიბლიოთეკის დაზიანებული წიგნების აღსადგენად.



2008 წლის აგვისტოს ომის დროს

დაზარალებულთა მხარდაჭერა


2008 წლის აგვისტოს ომის დროს სოფელში 200-მდე დევნილის დასახმარებლად შევძელით სოფლის ნაწილის მობილიზება და დევნილებს აღმოვუჩინეთ დროული დახმარება, როგორც ფინანსური, ასევე პირველადი საჭიროების საგნებითა და საკვები პროდუქტებით.



საქველმოქმედო აქცია


2010 წლის ივნისში სათემო კავშირმა ჩაატარა საქველმოქმედო აქცია ლეიკემიით დაავადებული 9 წლის თენგო ჟუჟუნაშვილის მხარდასაჭერად. საქველმოქმედო აქციიდან შემოსული მცირედი თანხა მთლიანად გადაეცა ბავშვის ოჯახს.

აღნიშნული ღონისძიებები არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ სასურველია სოფლად არსებობდეს მცირე ორგანიზაციები, სათემო ინიციატივები, რომლებსაც აქვთ ორგანიზებული ფორმა. მათი საშუალებით შესაძლებელია ისეთი საკითხების სწრაფად და ეფექტურად გადაწყვეტა, რასაც ვერ ახერხებს ადგილობრივი მოსახლეობა თვითორგანიზების ტრადიციის არქონის გამო.



სხვადასხვა ორგანიზაციებთან პარტნიორობა

 

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (ctc)

საგრანტო პროგრამა _ 2010 წ.


ამ პროგრამის ფარგლებში შევიძინეთ ტექნიკა ტრენინგ-სერვისების შეუფერხებელი განხორციელებისათვის. პროექტმა ხელი შეუწყო ორგანიზაციის ინფრასტრუქტურის განვითარებას.

ორგანიზაციის ორმა წევრმა გაიარა ტრენერთა ტრენინგი _ "პიროვნული განვითარების კურსი ახალგაზრდებისათვის", რის შემდეგაც ორგანიზაციამ მიიღო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადებული საკუთარი ტრენინგ-პროგრამა და აქტიურად ჩაერთო ¬ზრდასრულთა განათლების პროცესში.

ჩვენი მიზანია, სათემო კავშირის ბაზაზე შევქმნათ არაფორმალური სწავლების სხვადასხვა პროგრამა, რომელსაც სიღნაღის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს შევთავაზებთ.


საქართველოს ზრდასრულთა განათლების

ასოციაციის პროექტი _ "ჩვენ ვსწავლობთ"


2009 წელს სათემო კავშირი "ნუკრიანი" გახდა საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაციის (AEAG) წევრი. 2010 წელს მონაწილეობა მივიღეთ მათ მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში.

პროექტის ფარგლებში გადავიღეთ დოკუმენტური ფილიმი "ჩვენ ვსწავლობთ". ფილმის მიზანია "ნუკრიანის სახელსნოების", როგორც ზრდასრულთა სახელობო განათლების წარმატებული მაგალითის პოპულარიზაცია, ასევე სახელოსნოების, როგორც სათემო მობილიზების ეფექტური საშუალების წარმოჩენა. ფილმის პრეზენტაცია ჩატარდა კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში. იმედი გვაქვს, რომ ეკრანზე გადატანილი ჩვენი მოკრძალებული ბიოგრაფია იმპულსს მისცემს სხვებსაც და ხელს შეუწყობს ზრდასრულთა განათლების, როგორც დასაქმების (თვითდასაქმების) საშუალების პოპულარიზაციას კახეთის მასშტაბით.

პროექტი განხორციელდა გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის (dvv international) ფინანსური მხარდაჭერით.



სათემო კავშირი "ნუკრიანის " და სოფელ

ნუკრიანის ახალგაზრდული სათემო

"კულტურულ-შემეცნებითი ცენტრის"

გაერთიანება


სოფელ ნუკრიანის ახალგაზრდული სათემო "კულტურულ-შემეცნებითი ცენტრი", "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" (CSRDG) სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. ცენტრის მიზანი გახლდათ სოფლის თემის განათლება _ ინფორმირება და ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალის განვითარება. ბუნებრივია, რომ ჩვენი ორგანიზაცია ცენტრის ახალგაზრდებთან მანამდეც თანამშრომლობდა. 2010 წლის ივლისში კი გადაწყდა სათემო კავშირი "ნუკრიანისა" და "კულტურულ-შემეცნებითი ცენტრის" გაერთიანება. გაერთიანების შედეგად მოხდა სათემო კავშირი "ნუკრიანის" ახალგაზრდა კადრებით შევსება და ახალი შესაძლებლობების განვითარება.

ორი ორგანიზაციის გაერთიანების შემდეგ "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის"(CSRDG) მიერ დაფინანსდა პროექტი:


ქალთა სახელოსნოების განვითარების ხელშეწყობა


პროექტი მიზნად ისახავს გაიზარდოს სახელოსნოებში ჩართული ახალგაზრდა ქალების რაოდენობა და გაუმჯობესდეს სახელოსნოების ინფრასტრუქტურა დამატებითი მანქანა დანადგარების შეძენით.


შეერთებამდე ამ ორგანიზაციის მიერ

განხორციელებული პროექტებია:


2008წ.  _ "ინტელექტუალური შეჯიბრი სკოლებს

შორის“

2009წ. _ "სუფთა სოფელი“

2009წ. _ "ჭოტორის საბავშვო ბაღის რემონტი“

2010წ. _ "გამრჯე ქალები“

2010წ. _ "სკვერი სოფელს“

2010წ. _ "სახელოსნოების განვითარების

ხელშეწყობა“


2010 წლიდან "კავკასიური სახლი" ანხორციელებს პროექტს "სამოქალაქო საზოგადოება და ადგილობრივი ხელისუფლება კახეთის რეგიონის განვითარებისთვის". (დამფინანსებლები: ევროკავშირის წარმომადგენლობა, dvv international, ევროპული ფონდი Horizon, BfdW). სათემო კავშირი აღნიშნული პროექტის მიზნობრივ ორგანიზაციას წარმოადგენს და სწორედ ამ პროექტის ფარგლებში შემუშავდა სათემო კავშირი "ნუკრიანის" განვითარების ხუთწლიანი სტრატეგია (2010-1015 წლებისათვის). პროფესიონალ კონსულტანტებთან ურთიერთობამ საშუალება მოგვცა კარგად გაგვეაზრებინა ჩვენი მომავალი სამუშაო და დაგვესახა გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა:


სათემო კავშირი "ნუკრიანის" განვითარების

სტრატეგია _ 2010-2015 წლები


ხედვა და მისია

სათემო კავშირი "ნუკრიანის" მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს სამოქალაქო სოლიდარობაზე დაფუძნებული აქტიური თემის განვითარებას. ჩვენ გვინდა, რომ ნუკრიანი იყოს ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით მდიდარი, სრულყოფილი ინფრასტრუქტურის მქონე, ეკოლოგიურად სუფთა, ეკონომიკურად განვითარებული, სოფლის მეურნეობის გაუმჯობესებული ტექნოლოგიებით აღჭურვილი, აღდგენილი და მოვლილი, კულტურული ტრადიციების ტურისტული სოფელი, რომელიც ჩართულია რეგიონული განვითარების პროცესებში თავისი განათლებული და მაღალკვალიფიციური კადრებით.

კავშირი "ნუკრიანის" მისიაა, წვლილი შეიტანოს ნუკრიანის თემის კეთილდღეობის გაუმჯობესების საქმეში, ხელი შეუწყოს აქტიური სამოქალაქო კულტურის დანერგვას. ამ მიზნით, სათემო კავშირი თემის ინტერესებსა და საჭიროებებზე დაფუძნებით შეიმუშავებს და ახორციელებს სხვადასხვა განვითარების პროგრამებს და თემის მობილიზებით ცდილობს გამოვლენილი პრობლემების გადაჭრას.

მუშაობის პროცესში ორგანიზაცია ეფუძნება შემდეგ მთავარ ღირებულებებსა და პრინციპებს:

                სოფლის ინტერესების უზენაესობა და დაცვა

                სამოქალაქო სოლიდარობა

                სოფლის შენარჩუნებული და მოვლილი

                კულტურული ტრადიციები

                სამოქალაქო მონაწილეობა

                გარემოს დაცვა, როგორც სამოქალაქო

                პასუხისმგებლობა

                განათლება, როგორც თემის განვითარების

                მთავარი საშუალება.

განვითარების ძირითადი მიმართულებები:


კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა

პროგრამის მიზნები

სოფლის მოსახლეობისათვის კულტურული და საგანმანათლებლო სერვისების ხარისხისა და მრავალფეროვნების ზრდის ხარჯზე კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში მეტი ადამიანის ჩართვა

                სოფლის განახლებული და აღდგენილი კულტურულ-საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა (სოფლის ბიბლიოთეკა და კულტურის სახლი)

                სოფლად სამოქალაქო ცნობიერების ზრდა, მეტი მოხალისეობა და მეტი კერძო სამოქალაქო ინიციატივა.


ეკოლოგიური პროგრამა

პროგრამის მიზნები

                სოფლის მოსახლეობის მხრიდან გარემოს დაბინძურებისა და ნარჩენების სპონტანური, არალეგალური ნაგავსაყრელების მოწყობის ფაქტების შემცირება

                ნარჩენების მართვის სფეროში მუნიციპალიტეტის გაუმჯობესებული მომსახურება

                გარემოს დასუფთავების ხარჯზე სოფლის სასმელი წყლის უკეთესი ხარისხი.


დასაქმებისა და თვითდასაქმების

ხელშეწყობის პროგრამა

პროგრამის მიზნები

                სათემო კავშირის პროგრამების შედეგად სოფლად მაცხოვრებელთა შემოსავლების ზრდა (ფესტივალების გაყიდვები, სახელოსნოში ჩართულ ქალთა შემოსავლები)

                სოფლის მოსახლეობის და განსაკუთრებით ახალგაზრდების კონკურენტუნარიანობის ზრდა და სტიმულირება (გადამზადებული ადამიანების დასაქმება/თვითდასაქმება, მეტი ინტეგრირება სოციალურ ცხოვრებაში)

                მეტი ადგილობრივი მცირე ფერმერის დაინტერესება თანამედროვე ტექნოლოგიითა და პრაქტიკით მეურ¬ნეობის წარმართვაში (`ელკანას~ კონსულტაციებზე მოთხოვნა).


თემის ინტერესების დაცვის პროგრამა

პროგრამის მიზანი

სხვადასხვა განვითარების პროგრამაში და პროექტებში ჩართვის შედეგად ნუკრიანის თემისათვის აქტუალური საკითხებისა და პრობლემების მოგვარება


სათემო კავშირის ორგანიზაციული

განვითარების პროგრამა

პროგრამის მიზანი

წარმოდგენილი მიმართულება განსაზღვრავს ორგანიზაციული განვითარების პრიორიტეტებს. სტრატეგიული გეგმის ეფექტური განხორციელებისათვის მნიშვნელოვანია თავად ორგანიზაციის რესურსების და მართვის სისტემის სრულყოფა. მთავარი საკითხებია: ფინანსების მართვა, მმართველობა და სტრუქტურა, მეტი ლეგიტიმაცია, მოხალისეთა ქსელი, ფონდების მოძიების და, ზოგადად, მართვის მეტი კომპეტენცია.



შეჯამება

ბუნებრივია, გვესმის, რომ წარმოდგენილი სტრატეგიის განხორციელება და ამა თუ იმ პროგრამული მიმართულების წარმატებული მუშაობა დამოკიდებულია უამრავ სუბიექტურ თუ ობიექტურ ფაქტორზე. ჩვენ¬თვის ძირითად გამოწვევად კვლავაც რჩება დამოუკიდებელი ფინანსური წყაროების მოძიება. აღსანიშნავია, რომ განხორციელებული პროექტების უმრავლესობა პარტნიორებისა თუ პარტნიორთა ქსელის დახმარებით გახდა შესაძლებელი. ჩვენს ძირითად წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ საკმაოდ მოკლე ხანში შევძელით ინტეგრირება და თანამშრომლობის აწყობა რეგიონით დაინტერესებულ სხვადასხვა ორგანიზაციასთან. ამ ყველაფერმა საშუალება მოგვცა დაგვეხვეწა ჩვენი პროფესიული შესაძლებლობები, შეგვეძინა პროექტის და ორგანიზაციის მართვის მნიშვნელოვანი გამოცდილება. დღეისათვის მიმდინარეობს ჩვენი, `მიზნობრივი ჯგუფიდან _ პარტნიორობამდე~, გარდაქმნის საკმაოდ რთული პროცესი. იმედი გვაქვს, რომ წარმოდგენილი სტრატეგია, პარტნიორი ოგანიზაციების მხარდაჭერა და ჩვენი ძალისხმევა იქნება მთავარი ინსტრუმენტი ამ გამოწვევის გადასალახად. რაც შეეხება ობიექტურ გარემოს, ისედაც მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებას, რეგიონში ემატება სხვა სპეციფიკური თავისებურებებიც. რთულია საზოგადოების ჩართვა და მობილიზება განვითარების პროცესში, მოსახლეობა აპათიურია და გულგრილად უყურებს საერთო საქმეს. დაბალია თანამშრომლობის კულტურა საზოგადოების სხვადასხვა ფენასა და ხელისუფლებას შორის. მოშლილია კომუნიკაცია თვითონ საზოგადოების შიგნითაც. სწორედ ამიტომ ჩვენ გვინდა, რომ სათემო კავშირი `ნუკრიანი~ გახდეს ერთგვარი ხიდი, შუამავალი, სოფლის მოსახლეობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას, სოფელსა და ქალაქს შორის და რაც მთავარია, იქცეს სოფლის აქტიური ადამიანებისთვის იმ სივრცედ, სადაც ისინი შეძლებენ საკუთარი თავის რეალიზებასა და დამკვიდრებას.



სათემო კავშირი "ნუკრიანის~"გამგეობა



ანგარიშნები

საკონტაქტო ინფორმაცია
 

სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნუკრიანი
კულტურის სახლის შენობა, 1 სართული 
ტელ. (+995 77) 202 111 ან 202 110

E-mail: cun.nukriani@yahoo.com